Wednesday, December 4, 2019

როგორ გავხადოთ უცხო სიტყვების დამახსოვრება სახალისო და საინტერესო



უცხო სიტყვების დამახსოვრების პრობლემა, რომელსაც გერმანული ენის სწავლებისას წავაწყდი, ვფიქრობ,  ახლობელია უცხო ენის მასწავლებლებისათვის.
უცხო ენის ცოდნა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ აქტიური მოქალაქე გლობალიზაციის პროცესში. სხვა უამრავი მიზეზიც არსებობს იმისა, რომ მოსწავლეებს დავანახოთ უცხო ენის შესწავლის საჭიროება. ენის შესწავლა კი წარმოუდგენელია ლექსიკური ერთეულების ფლობისა და მათი პრაქტიკულად გამოყენების უნარის გარეშე. უცხო ენის პედაგოგები სისტემატურად მუშაობენ და ცდილობენ, შეასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს უცხო სიტყვები, დააკავშირონ მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. ეს პროცესი საკმაოდ რთულია მოსწავლეებისათვის.
ჩემმა მეექვსე კლასის მოსწავლეებმა უინტერესო და მომაბეზრებელ საქმიანობად აღიქვეს უცხო სიტყვების დამახსოვრება. მოცემული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენაში დამეხმარა კითხვარი, რომელიც მოსწავლეებს შევთავაზე, ხოლო ამ პრობლემის მოგვარება მოვახერხე დიფერენცირებული სწავლების დანერგვით სასწავლო პროცესში.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სწავლების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფსიქიკური და ფიზიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციით, პირადი გამოცდილებით, ინტერესებით, აკადემიური საჭიროებებითა და სწავლის სტილით”. მოსწავლეთა განსხვავებულობისა და სწავლის სტილის ინდივიდუალურობის აღიარება და გათვალისწინება საუკეთესოდ ხერხდება დიფერენცირებული სწავლებით. ამიტომ, ვფიქრობ ჩემი გამოცდილების გაცნობა და გაზიარება დაეხმარება ნებისმიერი უცხო ენის პედაგოგს, გახადონ უცხო სიტყვების დამახსოვრების პროცესი  სახალისო და საინტერესო.

რა არის დიფერენცირებული სწავლება და როგორ გამოვიყენე ეს მეთოდი სასწავლო პროცესში?
დიფერენცირებული სწავლება ეს არის სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის საჭიროებებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე.
დიფერენცირებული სწავლება იგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
  • მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება;
  • მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა;
  • დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას;
  • სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი.
დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.
დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებასა და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან და საზოგადოებასთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.
რა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მოსწავლეების დიფერენცირება?
დიფერენცირებული სწავლება იწყება უსაფრთხო და პროდუქტიული გარემოს შექმნით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს. ამას ემატება მოსწავლის სწავლის სტილის, მზაობისა და ინტერესის გათვალისწინებით სწავლების შერჩეული  სტრატეგიების გამოყენება.

დიფერენცირება სწავლის სტილის მიხედვით

მოსწავლის სწავლის სტილი გულისხმობს მის მიდგომას სწავლისადმი. ზოგიერთისათვის მშვიდი გარემოა საჭირო, ზოგისათვის თანატოლებთან აზრის გაზიარებაა აუცილებელი, ზოგს ურჩევნია უყუროს და შემდეგ გაიაზროს, ზოგს კი ჩანაწერების გაკეთება უიოლდება.
სასურველია მასწავლებელმა სასწავლო წლის დასაწყისში გაარკვიოს მოსწავლეთა სწავლის სტილი, რათა მათ შესაბამისი დავალებები შესთავაზოს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არ შეიძლება მოსწავლეს იარლიყად მივაწებოთ რომელიმე სწავლის სტილი და ამის მიხედვით შევურჩიოთ დავალებები. მასწავლებელი მოსწავლეს უნდა უყურებდეს, როგორც ადამიანს, რომელიც გამუდმებით ვითარდება და ეგუება სასწავლო მასალის მიწოდების სხვადასხვა ფორმას.
სწავლის სტილი შეიძლება 4 ძირითად ჯგუფად დავყოთ:
  • ვიზუალური;
  • სმენითი;
  • კინესთეტიკური;
  • წერა-კითხვითი.

მას შემდეგ, რაც დავადგინე თითოეული მოსწავლის დასწავლის სტილი, შევთავაზე მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული აქტივობები, მაგ:
ვიზუალური მეხსიერების მქონე ბავშვებს შევთავაზე პოსტერის გაკეთება ცალკეული უცხო სიტყვებით. მოსწავლეებმა შესასწავლი ლექსიკური ერთეულები მათთვის სასურველი მდებარეობით მოათავსეს პოსტერზე, რომელიც საკლასო ოთახში კედელზე დაკიდეს. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გამოდიოდა, რომელიმე სიტყვას წინასწარ დამზადებულ გვირილას დააფარებდა, მიმართავდა შეკითხვით კლასს – „რომელი სიტყვა იმალება გვირილის უკან?“ მოსწავლეები პასუხობდნენ შეკითხვას და გამოცნობის შემთხვევაში უკვე ის მოსწავლე გამოდიოდა, რომელიც სიტყვას გამოიცნობდა. ამ ფორმით ვიზუალური მეხსიერების მქონე ბავშვებმა შესასწავლი სიტყვები მარტივად დაიმახსოვრეს და სიტყვების დასწავლის პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ან კიდევ,  პატარა ფორმის ფურცელზე მოსწავლეებმა დაწერეს უცხო სიტყვები  და ავეჯს მნიშვნელობის მიხედვით დააკრეს. ეს მეთოდი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა ვიზუალურად შემსწავლელი მოსწავლეებისათვის. როგორც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, ბავშვები სიხარულით აკრავდნენ სახლში ავეჯს ფერად ფურცლებზე დაწერილ დასამახსოვრებელ სიტყვებს და ცდილობდნენ იმ ოთახში გაეტარებინათ მეტი დრო, რომელშიც მათ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ამშვენებდა ავეჯს.
ვინაიდან მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ხატვით სწავლა, შევთავაზე მათ დაეხატათ  სურათი და ქვემოთ დაეწერათ  ის სიტყვა, რომელიც უნდა დაემახსოვრებინათ. ბავშვები გულისყურით  ქმნიდნენ ნახატებს თანაკლასელების შეფასების მოლოდინში, ვინაიდან ინტერესი გამოიწვია ბავშვებში, ვინ როგორ გამოხატავდა შესასწავლ სიტყვას ნახატით. ეს მეთოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლეთათვისაც, რომლებიც წერით და კითხვით მარტივად იმახსოვრებენ ინფორმაციას.
მოსწავლეებს, რომლებიც მოძრაობით უკეთ სწავლობდნენ, შევთავაზე დაეწერათ შესასწავლი სიტყვები ფერად ფურცლებზე და  სიტყვების გადააადგილებით შეედგინათ წინადადებები.
ასევე ძალიან ეფექტური და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის სიტყვების დამახსოვრება შემდეგნაირად: საკლასო ოთახში ერთ მაგიდაზე დავალაგებინე მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი ნახატები, რომლებზეც ეწერა შესასწავლი  სიტყვები (არსებითი სახელები). მეორე მაგიდაზე დავალაგეთ ნაცნობი, უკვე შესწავლილი ზმნები, ხოლო მესამე მაგიდაზე სხვა სიტყვები. მოსწავლეთა ჯგუფებს (4 ბავშვი) უნდა ევლოთ საკლასო ოთახში და აეღოთ მაგიდებიდან ცალკეული სიტყვები, რომლებითაც ისინი წინადადებებს შეადგენდნენ. ეს მეთოდი გათვლილია მოტორული, ანუ მოძრაობითი ტიპის მეხსიერების მქონე ბავშვისათვის. ის ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ასეთი  მეხსიერების მქონე ჩემი მოსწავლეებისათვის.
იმისათვის, რომ შემენარჩუნებინა და განმემტკიცებინა მოსწავლეთა მოტივაცია, შევთავაზე მათ ტექნოლოგიის გამოყენებით შეექმნათ ნახატები ან ხმოვანი შეტყობინებები ახლად შესწავლილ სიტყვებზე. ყველა მოსწავლე ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთო შეთავაზებულ აქტივობაში. მათ საშუალება მივეცი, თვითონ აერჩიათ როგორ წარმოადგენდნენ ახალ შესწავლილ სიტყვას, შექმნიდნენ ნახატს კომპიუტერის გამოყენებით, თუ ჩაწერდნენ ამ სიტყვის მოკლე განმარტებას და მოასმენინებდნენ კლასს. ამ აქტივობის საშუალებით შესასწავლი სიტყვები სმენითი მეხსიერების მქონე მოსწავლეებმა მარტივად და დაძაბულობის გარეშე დაისწავლეს.
 ვინაიდან უცხო ენის სწავლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიზანია, მოსწავლისთვის ენების ეფექტურად სწავლის უნარის განვითარება. მასწავლებელმა კი ეს ისე უნდა მოახერხოს, რომ სწავლის პროცესში გამოირიცხოს წარუმატებლობისა და მარცხის განცდა. ვფიქრობ, წარმატებულად გავიაზრე საკუთარი პასუხისმგებლობა  და შედეგმაც არ დააყოვნა. მოსწავლეთა ინდივიდუალური სწავლის სტილისა და საჭიროების დადგენამ დიფერენცირებული სწავლის თეორიის მიხედვით, საშუალება მომცა, სწორად შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის სასწავლო აქტივობები, რამაც საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და დადებითად აისახა სასწავლო პროცესზე. ამ საკითხების გააზრებამ და გამოყენებამ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში აღმოფხვრა უცხო სიტყვების უინტერესოდ დამახსოვრების პრობლემა. ჩემმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ხატვით, მოსმენით, მოძრაობით სწავლამ მათი ინტერესი გააღვივა. ამ ყველაფერმა ჩვენი სასწავლო პროცესი უფრო სახალისო, ინტერაქტიული და წარმატებული გახადა.

No comments:

Post a Comment