Wednesday, December 4, 2019



კითხვის უნარის დაუფლების ეფექტური მეთოდი


„ჯადოსნური ყუთი“
განათლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კითხვის სწავლა-სწავლების პროცესს, რადგან სწორედ ეს ფუნდამენტური უნარი განაპირობებს ადამიანის აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ეფექტური კითხვა წიგნიერების საფუძველია, რაც თავის მხრივ მოიცავს მრავალფეროვანი მხატვრული, ინფორმაციულ-შემეცნებითი, ყოფით-პრაგმატული ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვის, გადამუშავებისა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. იგი პიროვნული განვითარების, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების საშუალებაა.
კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი კომპონენტის განვითარებას მოიცავს. ეს კომპონენტებია: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა, გაგება-გააზრება.
კითხვის სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, კითხვის ტემპი, დეკოდირების, ანუ სიტყვების სწორად და სწრაფად გაშიფვრის უნარი.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, რომ მან ფრუსტრაციის გარეშე დაძლიოს კითხვაში გაწაფვის რთული საფეხური?
  • გავუვარჯიშოთ ბავშვებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
  • ვასწავლოთ ასო-ბგერები;
  • გამოვიყენოთ კითხვის სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები.
არსებობს სიტყვის დეკოდირების/ცნობის რამდენიმე ძირითადი სტრატეგია, რომელთაც აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო პროცესში დაწყებითი საფეხური პედაგოგები. ესენია:
  • სიტყვის ასო-ასო ამოკითხვა, შემდეგ ხმამაღლა ან უხმოდ მათი გადაბმა და სიტყვაში გამთლიანება.
  • ცნობადი სიტყვების აღქმა. ცნობადია ის სიტყვები, რომლებსაც პატარა მკითხველი ცნობს შეყოვნებისა და ასო-ასო ამოკითხვის (ასოების გაშიფვრის) გარეშე.
  • კონტექსტური მინიშნებების გამოყენება, რომელიც გულისხმობს წინადადებების, ილუსტრაციებისა და სხვა ნაცნობი სიტყვების გამოყენება უცნობი სიტყვის ამოსაცნობად.
  • სიტყვის ნაწილების ამოცნობა. ნაცნობ ასოთა ჯგუფის (მაგალითად მარცვლების) გამოყენება სიტყვის დეკოდირებისას.
აღნიშნული სტრატეგიების გამოყენების სხვადასხვაგვარ მეთოდებთან ერთად, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ეფექტურია „ჯადოსნური ყუთის“ გამოყენება.
ჩემს მიერ შექმნილმა და გამოყენებულმა „ჯადოსნური ყუთის“ მეთოდმა, კოლეგების,  მოსწავლეთა და მშობელთა მოწონება დაიმსახურა. მინდა თქვენც გაგიზიაროთ მისი შექმნისა და გამოყენების გზები.
„ჯადოსნურ ყუთად“ შეიძლება იქცეს ნებისმიერი, საშუალო ზომის, მუყაოს, ან სხვა მასალისგან დამზადებული ყუთი, რომელსაც გარედან გავაფორმებთ ისე, რომ მოსწავლეთათვის განსაკუთრებით მიმზიდველი და სასიამოვნოდ აღსაქმელი იყოს. ჯადოსნურ ყუთში ვათავსებთ ფერად ბარათებზე,  შესწავლილი ასო-ბგერების გამოყენებით შედგენილ სიტყვებს, მარცვლებსა და თავად ასოებს ანბანის სწავლების პარარელურად. მაგალითად, თუ კლასში უკვე შევისწავლეთ ასო-ბგერები ა, ი და თ, ჩვენს ყუთში მოხვდება ამ ასოებთან ერთად მათი გამოყენებით შედგენილი მარცვლები და სიტყვები: თა, თი, ათ, ით, ათი, თითი, თითა, თათი. მოგვიანებით შეგვიძლია დავამატოთ  ორ ან სამ  სიტყვიანი წინადადებები. ბარათები, რომლებიც შეიცავენ სიტყვებს, შესაძლოა გავაფორმოთ შესაბამისი ილუსტრაციებით. მაგალითად სიტყვის ბარათზე თათი, დახატული იქნება დათვის, ან რომელიმე ცხოველის თათი.
„ჯადოსნური ყუთის“ გამოყენებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი. გთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩემს გაკვეთილებზე ვიყენებ.
„ჯადოსნური ყუთი“ განვათავსოთ კლასის თვალსაჩინო ადგილზე, შეგვიძლია გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით მოვიხმოთ მოსწავლე და ვთხოვოთ ამოიღოს ბარათი ყუთიდან ისე, რომ არ ჩაიხედოს მასში. ბარათზე მოცემულ ასოს, მარცვალს ან სიტყვას ხმამაღლა კითხულობს მოსწავლე, შემდეგ აჩვენებს კლასელებს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩუმად წაიკითხონ ბარათზე მოცემული ტექსტი და ხელის ნიშნების გამოყენებით შეაფასონ თანაკლასელი, სწორად ამოიკითხა თუ არა მან მოცემული დავალება. თუ მოსწავლემ ამოიღო ასო-ბგერა, მასწავლებელი სთხოვს დაასახელოს აღნიშნულ ასოზე დაწყებული სიტყვა, თუ ბარათზე იყო მარცვალი, მოსწავლეს მოუწევს შეადგინოს სიტყვა ამ მარცვლის გამოყენებით, ხოლო ისეთი ბარათის ამოღებისას, რომელზეც სიტყვაა დაწერილი, მოსწავლე შლის მას მარცვლებად და შემდეგ ასო-ბგერებად. ასახელებს, რამდენი მარცვალი და რამდენი ასო-ბგერაა მის მიერ წაკითხულ სიტყვაში. შესაძლებელია შეადგინოს წინადადებაც აღნიშნული სიტყვის გამოყენებით.
„ჯადოსნური ყუთის“ დახმარებით მოსწავლეს გაწაფული კითხვისთვის საჭირო რამდენიმე უნარის განვითარებაში ვეხმარებით.
  1. მოსწავლე ამოიცნობს ასოს, ან სიტყვას კითხულობს ასო-ასო. (სიტყვის ასო-ასო ამოცნობა)
  2. სიტყვის ბარათზე არსებული ილუსტრაცია ეხმარება პატარა მკითხველს სიტყვის ამოცნობაში. (კონტექსტური მინიშნებების გამოყენება)
  3. რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ ჯადოსნურ ყუთს, უფრო მეტად ხდება მოსწავლის გონებაში ნაცნობი სიტყვის დამკვიდრება, რომელსაც მოგვიანებით სხვა ტექსტში მყისიერად, შეყოვნების გარეშე ამოიცნობს და ამოიკითავს. (ცნობადი სიტყვის აღქმა)
  4. ჯადოსნურ ყუთში არსებული მარცვლების ამოღებისა ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ მოსწავლეებს შეადგინონ სიტყვები ამ მარცვლის გამოყენებით. (სიტყვის ნაწილების ამოცნობა, ფონოლოგიური უნარების განვითარება)
ამ სტრატეგიის გამოყენებით,  ხდება ერთი შეხედვით ყველასათვის ნაცნობი სავარჯიშოების გახალისება თამაშის ელემენტებით, იზრდება ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცესში.  მოსწავლეებს ვაჩვევთ კითხვის ოთხივე სტრატეგიის გამოყენებას, ვეხმარებით განივითაროს კითხვის უნარის დაუფლებისათვის საჭირო კომპონენტები: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, რაც გაწაფული კითხვის, და საბოლოოდ გაგება-გააზრების საწინდარია.
„ჯადოსნური ყუთის“ გამოყენება შეუძლია არა მარტო მასწავლებელს, არამედ დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელსაც. რაც გაზრდის მშობლის ეფექტურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, და საშუალებას მისცემს მას, დაეხმაროს პატარა მკითხველს, კითხვის სწავლების პირველი ეტაპი იყოს მისთვის სახალისო, პოზიტიური, სასარგებლო და საინტერესო. შედეგად საანბანო პერიოდში ბავშვები ადვილად დაძლევენ კითხვის სწავლის პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებულ სირთულეებს. სასწავლო წლის ბოლოსთვის, ისინი მომზადებული იქნებიან დამოუკიდებელი კითხვის საფეხურზე გადასასვლელად და ექნებათ მყარი საფუძველი გამართული კითხვისა და წაკითხულის გააზრებისათვის.

როგორ გავხადოთ უცხო სიტყვების დამახსოვრება სახალისო და საინტერესო



უცხო სიტყვების დამახსოვრების პრობლემა, რომელსაც გერმანული ენის სწავლებისას წავაწყდი, ვფიქრობ,  ახლობელია უცხო ენის მასწავლებლებისათვის.
უცხო ენის ცოდნა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ აქტიური მოქალაქე გლობალიზაციის პროცესში. სხვა უამრავი მიზეზიც არსებობს იმისა, რომ მოსწავლეებს დავანახოთ უცხო ენის შესწავლის საჭიროება. ენის შესწავლა კი წარმოუდგენელია ლექსიკური ერთეულების ფლობისა და მათი პრაქტიკულად გამოყენების უნარის გარეშე. უცხო ენის პედაგოგები სისტემატურად მუშაობენ და ცდილობენ, შეასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს უცხო სიტყვები, დააკავშირონ მათი გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. ეს პროცესი საკმაოდ რთულია მოსწავლეებისათვის.
ჩემმა მეექვსე კლასის მოსწავლეებმა უინტერესო და მომაბეზრებელ საქმიანობად აღიქვეს უცხო სიტყვების დამახსოვრება. მოცემული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენაში დამეხმარა კითხვარი, რომელიც მოსწავლეებს შევთავაზე, ხოლო ამ პრობლემის მოგვარება მოვახერხე დიფერენცირებული სწავლების დანერგვით სასწავლო პროცესში.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სწავლების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფსიქიკური და ფიზიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციით, პირადი გამოცდილებით, ინტერესებით, აკადემიური საჭიროებებითა და სწავლის სტილით”. მოსწავლეთა განსხვავებულობისა და სწავლის სტილის ინდივიდუალურობის აღიარება და გათვალისწინება საუკეთესოდ ხერხდება დიფერენცირებული სწავლებით. ამიტომ, ვფიქრობ ჩემი გამოცდილების გაცნობა და გაზიარება დაეხმარება ნებისმიერი უცხო ენის პედაგოგს, გახადონ უცხო სიტყვების დამახსოვრების პროცესი  სახალისო და საინტერესო.

რა არის დიფერენცირებული სწავლება და როგორ გამოვიყენე ეს მეთოდი სასწავლო პროცესში?
დიფერენცირებული სწავლება ეს არის სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის საჭიროებებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე.
დიფერენცირებული სწავლება იგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
  • მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება;
  • მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა;
  • დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას;
  • სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი.
დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.
დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებასა და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან და საზოგადოებასთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.
რა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მოსწავლეების დიფერენცირება?
დიფერენცირებული სწავლება იწყება უსაფრთხო და პროდუქტიული გარემოს შექმნით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს. ამას ემატება მოსწავლის სწავლის სტილის, მზაობისა და ინტერესის გათვალისწინებით სწავლების შერჩეული  სტრატეგიების გამოყენება.

დიფერენცირება სწავლის სტილის მიხედვით

მოსწავლის სწავლის სტილი გულისხმობს მის მიდგომას სწავლისადმი. ზოგიერთისათვის მშვიდი გარემოა საჭირო, ზოგისათვის თანატოლებთან აზრის გაზიარებაა აუცილებელი, ზოგს ურჩევნია უყუროს და შემდეგ გაიაზროს, ზოგს კი ჩანაწერების გაკეთება უიოლდება.
სასურველია მასწავლებელმა სასწავლო წლის დასაწყისში გაარკვიოს მოსწავლეთა სწავლის სტილი, რათა მათ შესაბამისი დავალებები შესთავაზოს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არ შეიძლება მოსწავლეს იარლიყად მივაწებოთ რომელიმე სწავლის სტილი და ამის მიხედვით შევურჩიოთ დავალებები. მასწავლებელი მოსწავლეს უნდა უყურებდეს, როგორც ადამიანს, რომელიც გამუდმებით ვითარდება და ეგუება სასწავლო მასალის მიწოდების სხვადასხვა ფორმას.
სწავლის სტილი შეიძლება 4 ძირითად ჯგუფად დავყოთ:
  • ვიზუალური;
  • სმენითი;
  • კინესთეტიკური;
  • წერა-კითხვითი.

მას შემდეგ, რაც დავადგინე თითოეული მოსწავლის დასწავლის სტილი, შევთავაზე მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული აქტივობები, მაგ:
ვიზუალური მეხსიერების მქონე ბავშვებს შევთავაზე პოსტერის გაკეთება ცალკეული უცხო სიტყვებით. მოსწავლეებმა შესასწავლი ლექსიკური ერთეულები მათთვის სასურველი მდებარეობით მოათავსეს პოსტერზე, რომელიც საკლასო ოთახში კედელზე დაკიდეს. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გამოდიოდა, რომელიმე სიტყვას წინასწარ დამზადებულ გვირილას დააფარებდა, მიმართავდა შეკითხვით კლასს – „რომელი სიტყვა იმალება გვირილის უკან?“ მოსწავლეები პასუხობდნენ შეკითხვას და გამოცნობის შემთხვევაში უკვე ის მოსწავლე გამოდიოდა, რომელიც სიტყვას გამოიცნობდა. ამ ფორმით ვიზუალური მეხსიერების მქონე ბავშვებმა შესასწავლი სიტყვები მარტივად დაიმახსოვრეს და სიტყვების დასწავლის პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ან კიდევ,  პატარა ფორმის ფურცელზე მოსწავლეებმა დაწერეს უცხო სიტყვები  და ავეჯს მნიშვნელობის მიხედვით დააკრეს. ეს მეთოდი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა ვიზუალურად შემსწავლელი მოსწავლეებისათვის. როგორც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, ბავშვები სიხარულით აკრავდნენ სახლში ავეჯს ფერად ფურცლებზე დაწერილ დასამახსოვრებელ სიტყვებს და ცდილობდნენ იმ ოთახში გაეტარებინათ მეტი დრო, რომელშიც მათ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ამშვენებდა ავეჯს.
ვინაიდან მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ხატვით სწავლა, შევთავაზე მათ დაეხატათ  სურათი და ქვემოთ დაეწერათ  ის სიტყვა, რომელიც უნდა დაემახსოვრებინათ. ბავშვები გულისყურით  ქმნიდნენ ნახატებს თანაკლასელების შეფასების მოლოდინში, ვინაიდან ინტერესი გამოიწვია ბავშვებში, ვინ როგორ გამოხატავდა შესასწავლ სიტყვას ნახატით. ეს მეთოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლეთათვისაც, რომლებიც წერით და კითხვით მარტივად იმახსოვრებენ ინფორმაციას.
მოსწავლეებს, რომლებიც მოძრაობით უკეთ სწავლობდნენ, შევთავაზე დაეწერათ შესასწავლი სიტყვები ფერად ფურცლებზე და  სიტყვების გადააადგილებით შეედგინათ წინადადებები.
ასევე ძალიან ეფექტური და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის სიტყვების დამახსოვრება შემდეგნაირად: საკლასო ოთახში ერთ მაგიდაზე დავალაგებინე მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი ნახატები, რომლებზეც ეწერა შესასწავლი  სიტყვები (არსებითი სახელები). მეორე მაგიდაზე დავალაგეთ ნაცნობი, უკვე შესწავლილი ზმნები, ხოლო მესამე მაგიდაზე სხვა სიტყვები. მოსწავლეთა ჯგუფებს (4 ბავშვი) უნდა ევლოთ საკლასო ოთახში და აეღოთ მაგიდებიდან ცალკეული სიტყვები, რომლებითაც ისინი წინადადებებს შეადგენდნენ. ეს მეთოდი გათვლილია მოტორული, ანუ მოძრაობითი ტიპის მეხსიერების მქონე ბავშვისათვის. ის ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ასეთი  მეხსიერების მქონე ჩემი მოსწავლეებისათვის.
იმისათვის, რომ შემენარჩუნებინა და განმემტკიცებინა მოსწავლეთა მოტივაცია, შევთავაზე მათ ტექნოლოგიის გამოყენებით შეექმნათ ნახატები ან ხმოვანი შეტყობინებები ახლად შესწავლილ სიტყვებზე. ყველა მოსწავლე ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთო შეთავაზებულ აქტივობაში. მათ საშუალება მივეცი, თვითონ აერჩიათ როგორ წარმოადგენდნენ ახალ შესწავლილ სიტყვას, შექმნიდნენ ნახატს კომპიუტერის გამოყენებით, თუ ჩაწერდნენ ამ სიტყვის მოკლე განმარტებას და მოასმენინებდნენ კლასს. ამ აქტივობის საშუალებით შესასწავლი სიტყვები სმენითი მეხსიერების მქონე მოსწავლეებმა მარტივად და დაძაბულობის გარეშე დაისწავლეს.
 ვინაიდან უცხო ენის სწავლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიზანია, მოსწავლისთვის ენების ეფექტურად სწავლის უნარის განვითარება. მასწავლებელმა კი ეს ისე უნდა მოახერხოს, რომ სწავლის პროცესში გამოირიცხოს წარუმატებლობისა და მარცხის განცდა. ვფიქრობ, წარმატებულად გავიაზრე საკუთარი პასუხისმგებლობა  და შედეგმაც არ დააყოვნა. მოსწავლეთა ინდივიდუალური სწავლის სტილისა და საჭიროების დადგენამ დიფერენცირებული სწავლის თეორიის მიხედვით, საშუალება მომცა, სწორად შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის სასწავლო აქტივობები, რამაც საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და დადებითად აისახა სასწავლო პროცესზე. ამ საკითხების გააზრებამ და გამოყენებამ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში აღმოფხვრა უცხო სიტყვების უინტერესოდ დამახსოვრების პრობლემა. ჩემმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ხატვით, მოსმენით, მოძრაობით სწავლამ მათი ინტერესი გააღვივა. ამ ყველაფერმა ჩვენი სასწავლო პროცესი უფრო სახალისო, ინტერაქტიული და წარმატებული გახადა.